საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • 24 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    24 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე ცესკოში სხდომა გაიმართება

    23 აგვისტო, 2016

    პროექტი

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
    №60 სხდომის
    დღის წესრიგი

     

    1. დადგენილება
    საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

    სრულად
  • საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის  კოდექსი

    საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსი

    22 აგვისტო, 2016

    საარჩევნო ადმინისტრაციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.

    დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.

    კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

    „საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს  მოეწერა ხელი. ამ დოკუმენტში ჩვენ ვაღიარეთ, გავითავისეთ და ვთანხმდებით, რომ დავიცავთ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ხელს შევუწყობთ ერთმანეთის საქმიანობას, ასევე ვიქნებით მაღალი ეთიკისა და სტანდარტების მქონე როგორც ადმინისტრატორები, ისე დამკვირვებლები, იმისათვის რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    თამარ ჟვანიას ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, კოდექსის შემუშავების მიზნით 30 ივნისს შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ცესკოსა და სწავლების ცენტრის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.

    დღესვე დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის", „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი", „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი", „თავისუფალი არჩევანი“, „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი", „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის", „სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო", „სამართალი 2014", „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", „მწვანე კავკასია", „მომავლის ნათება", „არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი", „ჯანმრთელი სამყარო", "საზოგადოებრივი დამცველი", „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი”.

    სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

    სრულად
  • ცესკო ამომრჩეველებს ახალ სერვისს სთავაზობს მონაცემების გადასამოწმებლად

    ცესკო ამომრჩეველებს ახალ სერვისს სთავაზობს მონაცემების გადასამოწმებლად

    21 აგვისტო, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.

    შეგახსენებთ, რომ საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით.

    ამ ეტაპზე, ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განაახლა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა ( მისამართის გარეშე რეგისტრირებული 23 988, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნილი 35 254 ამომრჩეველი).

    ცესკოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ამომრჩევლის ხმის უფლების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება, ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ამომრჩეველთა სიაში ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით შევიდა, ხოლო მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემები ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

    საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ამომრჩევლების ხმის უფლებას უზრუნველყოფს.

    სრულად
  • ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე

    ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე

    20 აგვისტო, 2016

    გვინდა გამოვეხმაუროთ მედია საშუალებებით პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და ცალკეულ შეფასებებს, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოსაზრებები არ ემყარება დადასტურებულ გარემოებებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მშვიდ გარემოში.  

    ჩვენ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას, რისთვისაც ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა:

    • უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს;
    • არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
    • გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონმდებლობით, პატივი სცენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს;
    • გაითვალისწინონ პროცესისადმი ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გაასაჯაროვონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგები.

    ამასთან, გვინდა მივმართოთ პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი, რათა აქტიურად დააკვირდნენ ზემოაღნიშნულ პროცესს და ხელი შეუწყონ მის ღიაობას და ობიექტურ ასახვას.

    სრულად
  • 8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

    8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

    19 აგვისტო, 2016

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა.

    ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები  წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

    გარდა ამისა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მერის და თვითმმართველი თემის  გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

    არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

    ზემოაღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებას, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მიაწოდა.

    „გადაწყვეტილება საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე დამტკიცდა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები ორივე არჩევნებისთვის.  

    საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და  გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.  

    საერთო ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე.

    იქიდან გამომდინარე რომ,  საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, ცესკომ  განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის. მათ შორის დამკვირვებლების და მედიის არჩევნებში მონაწილეობის წესი.

    დღევანდელ სხდომაზე ცესკომ, ასევე განკარგულებით დაამტკიცა საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში  მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი. განკარგულების თანახმად, ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 ოქტომბერს ფორს-მაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. 

    * * *  

    დღესვე, ცესკომ მიიღო დადგენილება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ.

    საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მნიშვნელოვანია, ის რომ ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც არეგულირებს პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების საკითხს, არ წარმოადგენს ზოგადად პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს.

    სწორედ ამიტომ ცესკომ დაადგინა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის, ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი არიან ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პირები. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად უთხრა ან ეტყვის უარს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში ცვლილებზე 2016 წლის 8 სექტემბრამდე, რაც არის პარტიული სიების წარდგენის  ბოლო ვადა.

    სრულად

სიახლე