საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები ყველა სიახლე

  • ცესკოს მიმართვა ამომრჩევლებს

    ცესკოს მიმართვა ამომრჩევლებს

    29 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ შაბათ-კვირას, 30-31 ივლისს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე იმუშავებენ იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რეგისტრაცია იმისათვის, რომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

    რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითების საფუძველზე.

    საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, -  გაიაროთ რეგისტრაცია 1 აგვისტომდე.  

    სრულად
  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წინასაარჩევნო აგიტაციასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წინასაარჩევნო აგიტაციასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში

    29 ივლისი, 2016

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და რვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღესვე მემორანდუმს ხუთი პოლიტიკური პარტია შემოუერთდა.

    დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

    „ეს არის თემა, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტია საარჩევნო პროცესებში. ერთობლივი გაგება, მხარდაჭერა ამ საკითხების ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან, თავისუფალ გარემოს და შესაბამის გადაწყვეტილებას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს ამ მემორანდუმს შემოუერთდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. მემორანდუმი ღიაა და ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდება ყველას, ვინც თანხმდება, რომ ეს ნორმები არის მნიშვნელოვანი“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    დოკუმენტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა და საჯარო მოხელეებს უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

    „საჯარო მოხელეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, რადგან ეს დააზიანებს კონკურენტუნარიან გარემოს. მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში მონაწილეობისგან, რადგან  მათ ამის უფლება არ აქვთ. განსაკუთრებით მინდა ყველა მუნიციპალურ საჯარო მოხელეს  შევახსენო ის რეკომენდაციები, რაც ჩვენმა კომისიამ გამოსცა,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.  

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

     

    დოკუმენტს ხელს აწერენ:

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;     

    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;

    არასამთავრობო ორგანიზაციები:

    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

    საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;

    დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი;

    სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

    საზოგადოებრივი დამცველი;

    სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;

    პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ მემორანდუმს:

    „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“

    „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“;

    „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“

    „ახალი მემარჯვენეები“

    „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

    „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“

    სრულად
  • თამარ ჟვანიამ 2016 წლის ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა

    თამარ ჟვანიამ 2016 წლის ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა

    29 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა. მან დიპლომატებს სიტყვით მიმართა და წინასაარჩევნო პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  თამარ ჟვანიამ ისაუბრა საქმიანობებზე, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ახორციელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურულ საკითხებზეც.

    „ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, - ერთის მხრივ საერთაშორისო დონეზე ეფექტური ინფორმირების თვალსაზრისით და ქვეყნის საარჩევნო დონის კარგად აღსაქმელად; მეორეს მხრივ კი არსებითია მხარდაჭერა, რომელსაც ელჩები არჩევნების საზღვარგარეთ ჩასატარებლად გამოხატავენ,“ - აღნიშნა ცესკოს თავმდჯომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

    „ამბასადორიალი 2016“ 26 ივლისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ბიზნესწრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების, აღმასრულებელი და საკნონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ოთხი დღის განმავლობაში სამუშაო სესიებზე დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე მსჯელობდნენ.

    სრულად
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა

    28 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს ამორმჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

    იმისათვის, რომ მათ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

    როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიიღებენ.

    „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

    ცესკოს სპიკერმა დღეს პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა - „ასევე, მინდა შევახსენო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და სურთ არჩევნებში მონაწილეობა,  მათ ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მომართონ მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რის შემდეგაც მათ უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები.

    შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მომართოს მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. ცესკო პოლიტიკურ  პარტიებს,  რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად  ყველა საჭირო პროცედურა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    სრულად
  • ცესკოს თავმჯდომარე IRI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

    ცესკოს თავმჯდომარე IRI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

    28 ივლისი, 2016

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან დამკვირვებლებს 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.

    „საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ხელს შეუწყობს განახორციელონ მისია თავისუფალ გარემოში“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხებზე იმსჯელა დამკვირვებლებთან - „სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის პროცესის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, და რა თქმა უნდა, საზღვრებთან დაკავშირებული თემებიც განვიხილეთ,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    IRI-ს 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი (10 ქვეყნიდან) ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა მედიაორგანიზაციების, აუდიტის სამსახურის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ისინი 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში დააკვირდებიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. მისია დაკვირვებას მეორე ტურების დანიშვნის შემთხვევაშიც განახორციელებს.

    სრულად
  • ტრენინგი - არჩევნები და უსაფრთხოება

    ტრენინგი - არჩევნები და უსაფრთხოება

    28 ივლისი, 2016

    არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალ ინიციატივებს ახორციელებს.

    საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიან ტრენინგს გადიან.

    ტრენინგი, დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა  ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიებას, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ ბახტურიძე ესწრებოდა.

    „საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველად ხდება აღნიშნული თემის ინიცირება. აღსანიშნავია ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციასა და შს სამინისტროს შორის არსებობს, ვინაიდან მნიშვნელოვანია არჩევნების ჭრილში უსაფრთხოების, შესაძლო კონფლიქტების მოგვარების გზებზე საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და დაცული გარემოს ხელშეწყობა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სჭირდება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ნერმინ ნისიჩმა მედიასთან მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება, - „აუცილებელია საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად კარგად არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდეც. შესაბამისად, ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი როლი საარჩევნო პროცესში. ცესკო თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ მისი როლი მაქსიმალურად კარგად შეასრულოს და საარჩევნო პროცესის უმაღლეს დონეზე შესრულება უზრუნველყოს“, - აღნიშნა IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა.

    ტრენინგის მონაწილეები, არჩევნების ჭრილში კონფლიქტებისა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე დაცულობის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. ტრენინგს, IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი ატარებს, რომელიც 2001 წლიდან დღემდე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს და წამყვანი ექსპერტია საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში.

    მიღებულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები შემდგომ უკვე მათი უწყებების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

    ზემოაღნიშნულ ღონისძიებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES) ახორციელებს.

    სრულად

სიახლე